ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ვენეციის კომისიაში შეხვედრებს გამართავენ

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრნენ.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიაში სამდივნოს წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს გააცნობენ, რომელიც ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოიშვა.

„კონკრეტულად ეს ეხება უამრავ სფეროს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი – თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რომელიც ახალი რედაქციით ისეა რეგულირებული, რომ ბევრ კითხვას აჩენს. პრეზიდენტი კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში შეხვდა უამრავ ადამიანს. ის აზრი, რომელიც გამოითქვა სხვდასხვა შეხვედრების განმავლობაში, ასახულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კომენტარებსა და მოსაზრებებში და ამის თაობაზე ჩვენ მოსაზრებებს გავაცნობთ ვენეციის კომისიას. ეს დაემყარება სწორედ ბოლო თვეების განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს, რომელიც წარმოშობილია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არის უამრავი კითხვა, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების კუთხით, თავდაცვის ორგანიზების კუთხით, ბევრი პროცედურული საკითხია, რომელზეც აუცილებელია, რომ ვენეციის კომისია საქმის კურსში იყოს“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ანა დოლიძის თქმითაც, ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ქართველი ხალხის მოსაზრებებს გააცნობენ.

„ბუნებრივია, ყველა მოსაზრება, რომელმაც თავი მოიყარა, უნდა წარიგზავნოს ვენეციის კომისიაში, რომელიც საკუთარ ავტორიტეტულ დასკვნას დაწერს. რა თქმა უნდა, ყველაფერს, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, ჩვენ ვერ შევატყობინებთ ვენეციის კომისიას, თუმცა ის ძირითადი მოთხოვნები, სურვილები და მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გავიგეთ კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ და ასევე პარლამენტის მიერ ორგანიზებული საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესში, იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეხვედრები სტრასბურგში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
37 ნახვა