გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანმშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოითქვა, რომ აშშ-ის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მაკრეოკონომიკური გარემო და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, რაც მათი შეფასებით, ბიზნესწრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ნდობის ფაქტორს ზრდის.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და ეკონომიკურ რეფორმებს.

ამერიკის სახელმწიფო ხაზინაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
71 ნახვა