არსებობს თუ არა პოლიტიკური კრიზისის საფრთხე და როგორ განვითარდება მოვლენები?

“ამ აქციის ორგანიზატორი „რუსთავი 2″ კი არა, „ნაციონალური მოძრაობაა”. მეეჭვება, ეს პროცესი რეალურ კრიზისში გადაიზარდოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ხელისუფლება არაადეკვატურად იმოქმედებს”

„რუსთავი 2″-ის საქმისა და წამების ამსახველი კადრების გავრცელების ფონზე, ერთმანეთს დაუპირსიპირდნენ პრეზიდენტი და პრემიერი, გიორგი მარგველაშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა გააკრიტიკა, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. შესაძლო პოლიტიკური კრიზისზე, ვითარების დაძაბვის მცდელობასა და სამოქალაქო მშვიდობის საფრთხის ქვეშ დაყენებაზე, დღეს, პოლიტიკური სპექტრი სერიოზულ აქცენტს აკეთებს.

არსებობს თუ არა პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა და რა შემთხვევაში შეიძლება კონსტიტუციური წესრიგი საფრთხეში აღმოჩნდეს?
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამ ეტაპზე ამგვარ საფრთხეს ვერ ხედავს.

„ხისტი და საკმაოდ არაკორექტული განცხადებებისა და ურთიერთბრალდებებისა გარდა, ჯერჯერობით სხვა ვერაფერს ვხედავ. ყველაფრის მიუხედავად, პროცესი მაინც მშვიდად მიმდინარეობს. რაც შეეხება რამდენიმე ოფისზე თავდასხმებს, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ასეთი ფაქტები უნდა აღკვეთოს. ძალიან არ მომწონს ასეთი საუბრები – სამი წელი გითმინეთ და ა.შ. როცა პრემიერი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, რომ მადლობელი იყავით… მინდა გითხრათ, რომ მისი მადლობელი არავინ იქნება, არც „ნაციონალური მოძრაობა” და არც სხვები. პრემიერი და მმართველი გუნდი თუ თვლის, რომ ეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა, მაშინ კეთილი უნდა ენებათ და ეს პროცესი გამოეძიებინათ. „ნაციონალური მოძრაობა”, ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა, ისეთივე სამართლებრივი საფუძვლით, როგორითაც არსებობს „ქართული ოცნება”, „რესპუბლიკელები”, „თავისუფალი დემოკრატები” და სხვები. ამიტომ, ვიღაცისთვის რაღაცის დაყვედრება სწორი არ არის”, – ამბობს ძაბირაძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში.

„ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, არანაირი დაძაბული სიტუაცია, მით უმეტესს კრიზისული არ არის. უბრალოდ, რადიკალური და არცთუ ისე სასიამოვნო განცხადებები კეთდება. არამგონია საზოგადოებაში ნეგატიური მუხტი იმდენად დიდი იყოს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და სერიოზული საპროტეტსო აქციები დაიწყოს. მით უმეტესს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი „რუსთვი2″ კი არა, „ნაციონალური მოძრაობაა”. მეეჭვება, ეს პროცესი რეალურ კრიზისში გადაიზარდოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ხელისუფლება არაადეკვატურად იმოქმედებს.” – ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტს კონსტიტუციით იმის უფლებამოსილება, რომ ხანგრძლივი დროით რაიმე ნაბიჯები გადადგას, არ აქვს.

„მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის განცხადება მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესთვის და არა სამართლებრივი თვალსაზრისით. ბუნებრივია, პრეზიდენტის განცხადებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ შეფასდება. რაც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ პროცესებში, რაც დღეს დაიწყო. თუმცა, შიდა პროცესებზე მისი განცხდებები რამდენად გადამწყვეტი აღმოჩნდება, ვერ გეტყვით”, – ამბობს ძაბირაძე, რომელიც ამ ეტაპზე საქალაქო დაპირისპირების საფრთხეს გამორიცხავს.

მაინც როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური კრიზისი მაინც დადგება? ვახტანგ ძაბირაძე „პოლიტკომერსანტთან” ასეთ განმარტებას აკეთებს:

„ამ შემთხვევაში პრემიერს არანაირი უფლებები არ აქვს. მთავრობას შეუძლია სიტუაცია აკონტროლოს, ხოლო პრეზიდენტი თუ ჩათვლის, რომ სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს, მაშინ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. თუმცა, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ისიც ვერ მიიღებს. ამისთვის მან პარლამენტს უნდა მიმართოს. საკანონმდებლო ორგანო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბება და გადაწყვეტს, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს თუ არა”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

დღეს დილით, მთავრობის სხდომაზე პრემიერმ-მინისტრმა „რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობა გამორიცხულია და თუ რომელიმე მხრიდან იქნება პროვოკაცია, ამას სამართალდამცველები შესაბამისად უპასუხებენ.

„ვაფრთხილებ ყველას, ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციას. ბოლო შანსი გაქვთ – “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ – ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს დაარღვევენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა გადაიხადონ, რომ ხალხმა სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით, საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პრემიერი სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა.

“ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალქის მოვალეობაა, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითრებიდან გამომდინარე ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის რომ შვეინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
160 ნახვა