გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ეიკი ნესტორს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ეიკი ნესტორმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტის ფარგლებში საქართველოში სტუმრობა გაიხსენა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ტალინში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პარლამენთტაშორისი მეგობრობის ჯგუფების აქტიურობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ესტონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს და იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთის თავმჯდომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნეს, რომ სამაგალითო პარტნიორობასთან ერთად საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ.

შეხვედრისას, ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
32 ნახვა