დავით ზალკალიანი – ზურაბ პოლოლიკაშვილის დანიშვნა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციისთვის

ზურაბ პოლოლიკაშვილის საქმიანობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანის თანამდებობაზე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ასეთ მაღალ თანამდებობაზე ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბატონ ზურაბს საქართველოს ასეთი სერიოზული წარმატება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ასეთ მაღალ თანამდებობაზე ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი. იმ მუშაობის შედეგი, რომელიც გაწია საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა.

ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან სერიოზულად თითოეულ წევრ ქვეყანასთან იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი თავი, საკუთარი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდოს მსოფლიო მასშტაბით და ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ტურიზმის მიმართულებით კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩინებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები
34 ნახვა