ალექსანდრა ჰოლ ჰოლი – საქართველომ ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას და არ აჰყვეს ემოციებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ამჟამად ამერიკის “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ძალიან წარმატებულს უწოდებს.

როგორც ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა და პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, ადასტურებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება.

”შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ურთიერთობა მყარია და ადმინისტრაციათა ცვლილება მას არ ეხება”,- აღნიშნა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

კითხვაზე, ბოლო ხანს ადმინისტრაციამ და კონგრესმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და ამას როგორ აფასებს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აცხადებს, რომ ეს იმ სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია, ვითარდება.

”შეერთებული შტატები საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წლების გასვლასთან ერთად, ეს ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მეგობრები კონგრესში. ის, რომ კონგრესის წერილში საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა გამოხატული, კიდევ ერთი ნიშანია იმ მძლავრი თანადგომის, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ ყოველთვის გააჩნდა. აღნიშვნის ღირსია, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უკანასკნელი საბიუჯეტო კანონის განხილვისას სრულიად გარკვევით დააფიქსირეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს, აშშ-ის ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნებმა, ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებენ. ეს ღირშესანიშნავი გარემოებაა და ამავე დროს, იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან თანამშრომლობას ახლავს”,- განაცხადა დიპლომატმა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ფიქრობს, რუსეთის ქმედებები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ყოველთვის პროვოკაციული იყო და საქართველოსა და მისი ხალხის წყობიდან გამოყვანას ემსახურებოდა.

”მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს პროვოკაციას: მთელი ყურადღება დაუთმოს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, არ აჰყვეს ემოციებს და დაიცვას პრინციპული პოზიციები. ქართველები გონივრულად მოქმედებენ. ისინი განაგრძობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ფორუმს, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ეუთო-ს, სხვა საერთაშორისო ფორუმებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას განუწყვეტლივ მიაწოდონ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივი განცხადებებით რუსეთს უგზავნიან სიგნალს, რომ მისი ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. ვფიქრობ, ეს პრობლემასთან გამკლავების მართებული გზაა. არსებულ ვითარებას არავინ ეგუება”,- აღნიშნა ჰოლ ჰოლმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის სტუმრობა საქართველოში, რაც უფრო მეტად გაამყარებდა ორმხრივ ურთიერთობებს, ჰოლ ჰოლმა განაცხადა, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებს, რადგან არ არის ამერიკელი დიპლომატი და არ მუშაობს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში.

”არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. როგორც დამკვირვებელი, ვხედავ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ზეიმით აღნიშნავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და ხაზს უსვამს საქართელოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. ვიცი, რომ პრემიერმა პრეზიდენტი ტრამპი საქართველოში მიიწვია. ვიცი, რომ გავლენიანი სენატორები, მაკკეინი და გრემი, იმყოფებოდნენ საქართველოში. ვიცი ისიც, რომ წინა ადმინისტრაციები გამუდმებით აგზავნიდნენ მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოში, რათა მტკიცე თანამშრომლობისათვის გაესვათ ხაზი. არ გამოვრიცხავ, ასე გაგრძელდეს”, – განაცხადა ჰოლ ჰოლმა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერის აშშ-ში წარმატებული ვიზიტის გზავნილი ისაა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გრძელდება, რომ ეს ურთიერთობები ადმინისტრაციათა ცვლილებაზე დამოკიდებული არაა და რომ ეს ადმინისტრაციაც სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.

რაც შეეხება იმას, მიაჩნია თუ არა, რომ ამერიკის მთავრობა სრულადაა ინფორმირებული საქართველოს მთავრობის მიერ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის აზრით, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში ”საქმეს შესანიშნავად უძღვება”.

”საქართველოს საგარეო მინისტრი მეოთხე უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო. ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა. მაღალი დონის ურთიერთობები სახეზეა. გრძელდება ურთიერთობები კონგრესთან. ელჩმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა. ის აქტიურად ურთიერთობს არასამთავრობო სექტორთან. მისი აქტიურობა შთამბეჭდავია. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ უსაფრთხოების სფერო არაა. საქართველო იმსახურებს ქებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისათვის, ნატო-ს არსებითი პაკეტის მოთხოვნების შესრულებისათვის. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკონომიკის განვითარებას. ცდილობს, მაქსიმალურად ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობით და მუშაობს ჩინეთსა და ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. ვფიქრობ, კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი შეერთებულ შთატებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვა იყო. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური კავშირები ურთიერთობებს ავსებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საკითხზე არაა აგებული და არც უნდა იყოს. საქართველოს არა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, არამედ ევროპული ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიული ღირებულელებითა და მისწრაფებებით გამოირჩევა. აშშ-სთან ვაჭრობის გაღრმავებას ორი ქვეყნის ურთიერთობა სიმწიფის სტადიაში გადაჰყავს”, – განაცხადა ჰოლ ჰოლმა.

მსგავსი სიახლეები
59 ნახვა