პროფკავშირები ტყიბულში მასშტაბურ სამგლოვიარო მარშს გამართავს

პროფკავშირები გარდაცვლილი მეშახტეების გამო 14 მაისს ტყიბულში სამგლოვიარო მარშს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.

ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულში, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებში იმყოფებოდა და მათ მიუსამძიმრა. ასევე, შეხვდა ადგილობრივი პროფკავშირების კომიტეტის წევრებს.

„იძიონ, წერონ და იკითხონ – ამ ყველაფერში დამნაშავე გამოკვეთილია. ყველა ის პირია დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. სათავეს აქედან იღებს ის სითავხედე, რასაც დამსაქმებლები დასაქმებულებთან მიმართებაში, რასაც სამუშო ადგილებზე სჩადიან. ფაქტია, რომ შახტის ლიფტის არ ჰქონდა დამცავი საშუალება. ფაქტია, რომ პერიმეტრზე 400 მეტრზე ჰაერში გამოკიდებულები ეს ადამიანები მუშაობდნენ ყოველგვარი დამცავი ქამრების გარეშე. ამ ყველაფრის სათავე არის იქ, სადაც შრომის ინსპექციის იგნორირება ხდება, სადაც შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული საქართველო, რომელიც ბიზნეს-სექტორის ხელში ერთ პატარა კომპანიას დაემსგავსა და ბიზნესის დიქტატით მიმდინარეობს ყველაფერი საქართველოში. პრობლემების სათავე აქ არის. ასეთი შემთხვევები უამრავი გვაქვს და კიდევ გვექნება. კიდევ გაგრძელდება, რადგან არის ომი დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, პროფკავშირები 5 მეშახტის გარდაცვალების გამო გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვდა. გარდაცვლილთა დაკრძალვის შემდეგ კი პროფკავშირები სამგლოვიარო მარშს გამართავს. „მოვითხოვეთ, რომ გლოვის დღეებად გამოეცხადებინათ ეს დღეები. თვითონაც დაფიქრებულიყვნენ და მოქალაქეებსაც გაეთვითცნობიერებინათ, რამდენი მოქალაქე იღუპება გულგრილობით ასეთ საკითხებთან მიმართებაში. გარდაცვლილთა დაკრძალვის შემდეგ ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით. ამაზე გვაქვს კონსულტაციები ადგილობრივ პროფკავშირებთან და სხვა დარგობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამგლოვიარო მარშით მოემართებიან და კვირას იქნება მასშტაბური სამგლოვიარო მარში“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
20 ნახვა