რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ემუქრებიან თურქეთს და არა აშშ-ს ან რუსეთს

სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები მხოლოდ თურქეთს ემუქრებიან და არა აშშ-ს ან რუსეთს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნულით მინიშნება გააკეთა ქურთისტანის უზენაესი საბჭოს სამხედრო ფრთაზე, „ხალხთა თავდაცვის ძალებზე“ (YPG), რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

„ამ რეგიონში საფრთხე არც აშშ-სთვის და არც რუსეთისთვის არ არსებობს. საფრთხე ჩვენ წინააღმდეგაა მომართული. ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ ნატო-ს ფარგლებში. არ გვგონია, რომ აშშ კარგად გამოიყურება ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით დგომით“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ უფრო მეტი სიფრთხილე და მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს ორმხრივ ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო, სირიაში ქურთი მებრძოლების შეიარაღებაზე.

ერდოღანის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ დააზიანა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები.

„ერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ შეიძლება განადგურდეს მეორე ტერორისტული ორგანიზაციის მეშვეობით“, – დასძინა ერდოღანმა.

10 მაისს, ანტიტერორისტული ოპერაცია Inherent Resolve-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა განაცხადა, რომ აშშ შეიარაღებას მიაწოდებს სირიელ ქურთებს, კერძოდ, „სახალხო თავდაცვის ძალების“ დაჯგუფებას, რომლებიც ქალაქ რაქას „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები
178 ნახვა