„სი-ენ-ენ“-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა თეთრი სახლი მოატყუეს

თეთრ სახლში არ ელოდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ნებას დართავდა და დონალდ ტრამპთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის ამსახველ ფოტოს გამოაქვეყნებდა. „მათ ჩვენ მოგვატყუეს“, – განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სი-ენ-ენ“-ს.

შეხვედრის ფოტო სააგენტო „ტასის“ ფოტოგრაფმა გადაიღო და სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა. მედიასაშუალების წყარომ განაცხადა, რომ თეთრ სახლს შეხვედრის ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია, იმის მიუხედავად, რომ თეთრი სახლის ფოტოგრაფიც შეხვედრის ოთახში იმყოფებოდა. მისი თქმით, სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ფოტო სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რადგან მათი შეხვედრა პრესისთვის ღია იყო. „მათ ჩვენ მოგვატყუეს. აი, ეს არის რუსეთთან მთელი პრობლემა – ისინი ცრუობენ“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ლავროვისა და ტრამპის შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო, რადგან ასეთია სტანდარტული პრაქტიკა – უცხოელ, დაბალი რანგის პირებთან პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ძირითადი ინფორმაცია ინახება.

„ტასის“ კორესპონდენტმა ამერიკული მხარის განცხადებას აბსურდული უწოდა. მისი თქმით, გადაღება შეთანხმებული იყო და ხდებოდა ყველა წესის დაცვით.

მსგავსი სიახლეები
145 ნახვა