თინა ხიდაშელი: საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს წევრობისთვის მზადაა – გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მისაღები

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  ვარშავის სამიტზე საქართველოს თვისებრივად სხვა კლასში გადასვლას ელოდება. მან ამ მოლოდინის გასამყარებლად თავდაცვის სფეროში განხორციელებული და განხორცილების პროცესში მყოფი პროექტები, საქართველოში დაგემილი ვიზიტები და ნატოს მაღალჩინოსანთა განცხადებები მოიყვანა.

თავდაცვის მინისტრმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში  ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის,  გენერალ  პეტრ პაველის გაკეთებულ  განაცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც მან ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში გააკეთა და რომელშიც ნათქვამია, რომ: „სამხედრო კრიტერიუმის მხრივ, საქართველო პასუხობს ნატოს წევრობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. “

თინა ხიდაშელის თქმით,  საქართველოს სამხედრო შემადგენლობა მზადაა ნატოს წევრობისთვის და ამისთვის საჭიროა ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„მე მქონდა პატივი გენერალ პაველს ორჯერ შევხვედროდი, მასთან არაფორმალური ხასიათის შეხვედრები მქონდა ვაშინგტონში და შემდეგ უკვე თავდაცვის მინისტრიალზე მქონდა ოფიციალური შეხვედრა. მქონდა შესაძლებლობა, მის წინამორბედსაც შევხვედროდი ივნისში, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა, ნატოს წევრი ქვეყნების გენერლებს და ყველა შეთანხმებულია იმაზე, რაზეც დღეს გენერალი პაველი საუბრობდა. ყველა შეთანხმებულია, რომ  ქართული შეიარაღებული ძალები, საქართველოს სამხედრო შემადგენლობა, მზად არის ნატოს წევრობისთვის და  გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მისაღები.
ამასთანავე შემიძლია, ასევე დადასტურებულად გითხრათ და ესეც იცის საზოგადოებამ, იმიტომ რომე ეს განცხადებებიც ძალიან ბევრჯერ გაკეთებულა ალიანსის გენერალური მდივნის მხრიდან,   სულ ბოლოს ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის დროს, მან თქვა, რომ საქართველო მზად არის წევრობისთვის  და საქართველოში რეფორმები წარმატებით ხორციელდება. მან ძალიან დიდ ხანს ისაუბრა ასევე უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით.“
თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო თავის მთავარი სტრატეგიული ამოცანისკენ  – გადაიფაროს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, წარმატებით მიიწევს.

„ ჩვენ უპრეცედენტოდ სწრაფი ნაბიჯებით ვმოქმედებთ. უკვე გახსნილია ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, წლის ბოლომდე ჩვენ კიდევ ერთ კომპონენტს – თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების სკოლას გავხსნით. ასევე ძალიან მაღალი დონის ვიზიტები არის დაგეგმილი საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან, რაც არის იმის დასტური, რომ აღმავალ გზაზე ვდგავართ და საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს თავისი მთავარი სტრატეგიული ამოცანის შესრულებისკენ, რომ ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების ის ქოლგა გადაეფაროს, რასაც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ჰქვია.

წამყვანის შეკითხვაზე, საკმარიასია თუ არა მხოლოდ სამხედრო მზადყოფნა ნატოში გასაწევრიანებლად, მინისტრმა უპასუხა:

„ნატო ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და იქ პირველი სიტყვა არის სწორედ სამხედრო; სწორედ სამხედრო კომპონენტია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსში გასაწევრიანებლად. საქართველომ ნატოსთან პარტნიორობა სწორედ ამ კომპონენტით დაიწყო და დღესაც ყველაზე დიდი დოზით, ყველზე დიდი ფორმატით, ეს თანამშრომლობა სწორედ სამხედრო კომპონენტში მიმდინარეობს.
სამხედრო კომპონენტი არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად შეიარაღებულ ძალებს, ის გულისხმობს მთლიანად ამ უწყებას, სადაც ახლა მე ვიმყოფები – თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებს, უწყებათაშორის ურთიერთობებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ტრიალებს უსაფრთხოებისა და სამხედრო თემატიკის გარშემო. ამიტომ ესაა უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოსთან თავსებად სამხედრო ძალებზე ეს არ გულისხმობს მხოლოდ ტანკების რაოდენობას, ან იმას, თუ როგორაა ჯარისკაცი გაწვრთნილი. ეს გულისხმობს ასევე იმასაც, რომ მაგალითად, სამხედრო სფერო, თავდაცვის სამინისტრო, უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს დემოკრატიული ორგანიზაცია.

თავდაცვის მინისტრმა წინა და მომდევნო სამიტებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა უელსის სამიტზე მიღებულ პაკეტზე, რომელიც საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს ორი ალტერნატივა აქვს.

„ჩვენ არ ველოდებით ვარშავის სამიტისგან იმაზე მკაფიო ჩანაწერს, ვიდრე იყო ბუქარესტში, ან უელსში. ჩვენ ბუქარესტში გვქონდა ერთი მოცემულობის მატარებელი ჩანაწერი. ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული დაპირება , რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ იქვე, იმავე ბუქარესტში, ჩაიდო ბარიერი საქართველოსა და ნატოს შორის. ბუქარესტმა თქვა, რომ საქართველო ნატოს წევრი მას შემდეგ გახდება, როდესაც შეასრულებს მაპს. ანუ მიიღებს მაპს, გაივლის ამ გზას, დააკმაყოფილებს მის  პირობებს და ამის შემდგომ დადგება წევრობის საკითხი.

დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ეს არის ის, რომ ბუქარესტიდან  რვა წლის შემდეგ, საქართველო უნდა გადავიდეს თვისობრივად სხვა კლასში. ეს სხვა კლასი შეიძლება იყოს 2 ტიპის და ეს ორი ტიპი ერთმანეთის ალტერნატივაა: ან საქართველო მიიღებს მაპს და შესაბამისად, ეს პროცესი დასრულდება, ანუ ჩვენ შუალედური პროცესი გასავლელი აღარ გვექნება, ან საქართველოს ეტყვიან, რომ გამომდინარე იმ თანამშრომლობიდან, რაც ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ხდება  მაპი აღარ გჭირდება და შესაბამისად,  პირდაპირ დავდგებით წევრობის გზაზე.
ბევრი სკეპტიკოსი ამბობს, რომ ეს არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და ილუზია და რომ თურმე ნატოში მაპის გარეშე ქვეყნები არ წევრიანდებიან. ეს  ისტორიულადაც ტყუილია, მაგრამ ისტორიას რომ თავი დავანებოთ, დღეს შვედეთში დგას საკითხი ნატოში გაწევრიანების  აუცილებლობაზე. მხოლოდ ეს კითხვა მაქვს სკეპტიკოსებთან – როგორ ფიქრობთ, შვედეთმა ხვალ რეფერენდუმი რომ ჩაატაროს და გადაწყვიტოს, რომ ნატოში გაწევრიანდეს, იმასაც ეტყვიან, რომ ჯერ მაპი უნდა მიიღო და პირობების შესრულების შემდეგ ვიფიქრებთ წევრი გაგხადოთო? – რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მაპი ეს არ არის საწესდებო მოთხოვნა. ის თავის დროზე შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის კონკრეტული ქვეყნებისთვის.დღეს საქართველო-ნატოს ურთიერთობაში მაპის აუცილებლობა არ დგას, რადგან ჩვენ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს და იმაზე მეტიც, რაც ოდესმე რომელიმე ქვეყანას ჰქონია, ვისაც აქვს მაპი.

ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო მიიწვიონ ნატოში წევრობისთვის, მაგრამ თუ ეს დეკემბერში არ ხდება, მაშინ იდეალური ვარიანტი არის, რომ სწორედ მაპის გარეშე მოხდეს ჩვენთვის წევრობისკენ გზის გახსნა იმიტომ, რომ ეს იქნება დამატებითი, კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ ამ ურთიერთობებში გვაქვს. როდესაც გვეტყვიან, რომ ეს ნაბიჯი ისე გავიარეთ, რომ სახელიც არ გვრქმევია, ანუ საქართველომ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე წარმოიდგენდნენ ბუქარესტში, როდესაც გვითხრეს, რომ მაპი უნდა მოენიჭებინათ ჩვენთვის. ვფიქრობ ჩვენ ამას ერთი მხრივ ვიმსახურებთ და მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველო აბსოლუტურად მზად არის ნატოს წევრობისთვის.

მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ამ ყველაფრის  თქმის საფუძველს მაძლევს, ის უპრეცედენტო ურთიერთობები, რომლებიც 2 წელია გვაქვს ნატოსთან. ეს 2 წელი  გამორჩეულია ყველა სხვა დანარჩენისგან და მე ეს კონკრეტული მაგალითებით შემიძლია ავხსნა : ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელიც ივნისში ჩატარდა –  ამ მასშტაბისა და ფორმატის ერთობლივი წვრთნები არასდროს ყოფილა. ასევე ის, რომ საქართველოს სამხედრო ემბარგო, ფაქტობრივად, მოხსნილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პასუხი იქნება არა მხოლოდ ჩვენი შექება, რომ საქართველო კარგი, სტაბილური  პარტნიორია, არამედ სტატუსითაც თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავალთ. “-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა „მოამბესთან“ საუბრისას.

წყარო

მსგავსი სიახლეები
267 ნახვა