საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე დიპლომატებმა ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგის ხელშეწყობაში დიპლომატიური მისიების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მალე გამოსწორდება და გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.
“მედია ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მედიაპლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ არსებობს თავისუფალი სივრცე აზრის გამოხატვისათვის, კონკურენციისა და განსხვავებული ხედვებისათვის.
მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფნის პერიოდში ჩემი დაკვირვებით მედია თავისუფალი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს საქართველოში არჩევნების წელი მოდის”, – განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.
პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ კომენტარი სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმაც გააკეთა.
“მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და წვლილი შევიტანოთ იმ პროცესებში, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა მოაქვს. მივესალმებით, საზოგადოების გაერთიანებისათვის პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სიტუაციის დასარეგულირებლად მიღებულ მნიშვნელოვან ზომებს.
როდესაც საქართველო დგას ევროპის და ნატოს გზაზე, მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ და აცნობიერებდნენ კანონის უზენაესობას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს და არსებულ სიტუაციას რაციონალურად შეხედოს”, – განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესებში მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს, თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. მედიის პატივისცემა კი, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია.
“ეს რა თქმა უნდა არ ეხება ცალკეულ შემთხვევებს, რადგან ნებისმიერი სასამართლო პროცესი არის რთული და რის შესახებაც კომენტარების გაკეთება დიპლომატების კომპეტენციაში ნაკლებად შედის. ქართველ პოლიტიკოსებს ამ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ, თუმცა ჩვენ ყველა უნდა დავეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არავინ უნდა მოახდინოს სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება”, – აღნიშნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
158 ნახვა